ნოდარ ჭითანავა - ღვაწმოსილი საზოგადო მოღვაწე, ნოვატორი მეცნიერი, ღირსეული მოქალაქე
ანოტაცია
ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და მეცნიერ-ეკონომისტის ნოდარ ჭითანავას დაბადებიდან 85 წელი შესრულდა. რეგალიებისა და დამსახურებების ვრცელი ჩამონათვალის გარეშეც კი, მხოლოდ ამ გვარ-სახელის ხსენებაზე, უფროსი თაობის ადამიანებს პატივისცემის, მოწიწების განცდა ეუფლებათ. ნოდარ ჭითანავას ზემაღალი ერუდიცია, უბადლო ნიჭი, განვლილი გზა, გაკეთებული საქმე, თავგანწირვა და ათას ქარტეხილს გამორიდებული უმწიკლო ბიოგრაფია საზოგადოებას კარგად ახსოვს - ბატონი ნოდარის კარიერულ წინსვლას მუდმივად ახლდა თავდაუზოგავი შრომა, ტოლუპოვარი კვალიფიკაცია და უბადლო კომპეტენცია; მცირესა თუ უმაღლეს სამსახურს თანაბრად მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა, უანგაროდ იღვწოდა და გადაწყვეტილებებს დაფიქრებით, ქვეყნის კეთილდღეობისთვის მიზანშეწონილობაზე გათვლით იღებდა. ამადაც შერჩა იგი კეთილშობილების, ღირსების, ერისშვილობის მაღალ ოლიმპოს და საზოგადოებისგან დამსახურებულ სიყვარულს იმკის.











