აქცენტები პოსტპანდემიური პერიოდისთვის...
საზოგადო სიკეთეს, წესრიგს და განვითარებისკენ პატიოსან სწრაფვას ზურგი არ უნდა შევაქციოთ!
ანოტაცია
საქართველოში საშემფასებლო საქმიანობაზე მოთხოვნა საბჭოური სისტემის ტრანსფორმაციულ პროცესებს შემოჰყვა. მოძრავ-უძრავი ქონების, აქციების, წილების, ბიზნესის თუ ინტელექტუალური საკუთრებითი უფლებების შეძენა, სარგებლობა ან განკარგვა, რაც პოსტსაბჭოთა საბაზრო ურთიერთობების განუყოფელ შემადგენელად იქცა, მათი ღირებულებით გამოხატულებაში განსაზღვრის გარეშე წარმოუდგენელია.
საბანკო, სადაზღვევო, საფინანსო, საინვესტიციო, საპრივატიზაციო, საგადასახადო, საშუამავლო, სავაჭრო, აგრეთვე სხვა სფეროები და, მაშასადამე, მთლიანად ეკონომიკური საქმიანობა, ღირებულებითი მაჩვენებლების საძირკველზე დგას. მოვლენათა განვითარების ცვალებად დინამიკაში ხშირია ფასების აღმავალი და დაღმავალი რყევები. ამიტომ მათზე მყისიერი რეაგირება და საკუთრებით უფლებებზე დროის შესაბამისი რეალური ღირებულებების შენარჩუნების (აფასების ან ჩამოფასებისს) უზრუნველყოფა გარდაუვალი ხდება.
მატერიალური და არამატერიალური აქტივების ფულად გამოსახულებაში ასახვა ობიექტურ რეალობას, შეფასების მიზანსა და დანიშნულებას უნდა შეესაბამებოდეს, რაც მხოლოდ სპეციალური განათლების, პრაქტიკული მომზადების, გამოცდილების და საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების დაცვის პირობებშია მიღწევადი.
არარეალური, არაშესაბამისი ფასდების ყოველმხრივ დამანგრეველი შედეგები ბევრჯერ იწვნიეს განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებმა. საწარმოებშიც ფინანსურ პრობლებებს და გაკოტრების წინაპირობას სწორედ აქტივებისა და სამეურნეო ოპერაციების არასწორი, არარეალური, არაშესაბამისი შეფასება ქმნის. შეფასების ფუძემდებლური პრინციპების უგულველყოფა ურჩ შემსრულებლებს მუდმივ კრიზისებსა და ეკონომიკური სისტემის სრულ ჩამოშლას უქადის. მოსალოდნელი კოლაფსის საფრთხისგან არც საქართველოა დაცული.











