კანონის არასწორი განმარტებით უკანონოდ დასჯილი გადამხდელები
ანოტაცია
საგადასახადო კოდექსის ბევრი მუხლი ერთმნიშვნელოვანი გაგებით არ იკითხება. აქედან გამომდინარე, კეთდება მათი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციები. ამაზე არაერთხელ დავწერე, მათ შორის, ჟურნალ ,,ბიზნესი და კანონმდებლობის" რამდენიმე ნომერში. 2007 წლის ოქტომბრის (#18) ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში ,,კანონქვემდებარე აქტებით დაწესებული უკანონობა და არამართლზომიერად გაზრდილი გადასახადები" მკითხველის ყურადღება მიეპყრო იმას, თუ როგორ ხდება ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით გადასახადების განაკვეთებისა და გადასახადით დასაბეგრი ობიექტების ხელოვნურად და არამართლზომიერად გაზრდა. ამჯერად შევჩერდები იმაზე, თუ როგორ ხდებოდა ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 138-ე მუხლის საფუძველზე სანქციის არასწორად გამოყენება, რის შედეგადაც დღგ-სა და აქციზის მრავალი გადამხდელი სრულიად არამართლზომიერად ჯარიმდებოდა.











