ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების თვითრეგულირება-კანონის მონოპოლიური მეტასტაზები
ანოტაცია
დროისა და ვითარების შესაბამისად, საქართველოს კანონები „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ" და „აუდიტორული საქმიანობის შესახებ" კორექტივებს საჭიროებდნენ. აღნიშნულის აუცილებლობა მეტადრე გამოკვეთა იმ გარემოებამ, რომ ფაქტობრივად, კერძო სექტორში ბუღალტრული აღრიცხვა 2000 წლიდან უკვე „თვითრეგულირდებოდა", ხოლო აუდიტორული საქმიანობა კი ბოლო ათწლეული „თვითდინებაზე" იყო მიშვებული. ჩვენ ხანგრძლივი ვადით აღმოვჩნდით საეჭვო რეიტინგების ტყვეობაში, ფაქტობრივად კი აშკარად ჩამოვრჩით განვითარების პროცესებს: დაეცა მოტივაცია; კადრების კვალიფიკაცია სასურველზე დაბალია; ფინანსურ ანგარიშგებას, ფასის სტრუქტურული საფუძვლებისა და სამართლიანი წარდგენის პრინციპით, მხოლოდ ერთეული საწარმოები ადგენენ; ფინანსური ანგარიშგების აუდიტზე მოთხოვნა შესაბამისად მცირეა... შედეგად, ორივე მიმართულებით მივიღეთ სავალალო მდგომარეობა.