სამორინე ინდუსტრიის აჭარის რეგიონის ეკონომიკაზე ზეგავლენის ანალიზი

ავტორები

  • ბესიკ ბოლქვაძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/bal/2024.01.05

საკვანძო სიტყვები:

სათამაშო ბიზნესი, სამორინე ინდუსტრია, აჭარის რეგიონი

ანოტაცია

სათამაშო ინდუსტრია თანამედროვე ეტაპზე ითვლება მსოფლიოში მეტ-ნაკლებად მზარდ ბიზნესად. ყველა ქვეყანას გააჩნია სათამაშო ბიზნესის პოლიტიკისადმი განსხვავებული მიდგომები და რეგლამენტაციები. ამასთან, გამოკვეთილი პარადიგმა და ამბივალენტურობა მდგომარეობს შემდეგში: სახელმწიფოთა მთავრობები ცდილობენ, შექმნან ე.წ. პასუხისმგებლიანი გემბლინგ-სისტემები და იმავდროულად გააძლიერონ სათამაშო ინდუსტრიის როლი ეკონომიკაში [1], რაც თავის მხრივ მოიცავს: ტურიზმის ხელშეწყობას, სამუშაო ადგილების შექმნას, ფისკალურ კონტრიბუციას, ინვესტიციების წახალისებას, ურბანულ რევიტალიზაციას და მულტიპლიკაციურ ეფექტს. აქვე შევნიშნოთ, რომ აზარტული თამაშობები ტოტალურად (როგორც აზარტული /„მაგარი“/, ასევე მომგებიანი /„რბილი“/ თამაშები) აკრძალულია მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში.

საქართველოში სათამაშო ბიზნესის ლეგალიზაცია განხორციელდა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში. მიმდინარე ეტაპზე მისი რეგულირება ეყრდნობა 30-მდე ნორმატიულ აქტს, ხოლო მისი ეკონომიკური აქტივობის შესახებ ზოგად წარმოდგენას იძლევა  შემდეგი მაჩვენებლები: აზარტული თამაშების საქმიანობებით დაკავებული საწარმოების ბრუნვის მოცულობამ, საქსტატის მონაცემების მიხედვით [2], შეადგინა: 2020 წელს – 32.1 მლრდ ლარი, 2021 წელს – 47.9 მლრდ ლარი, 2022 წელს – 52.6 მლრდ ლარი, პროდუქციის გამოშვების ანუ ერთობლივი სათამაშო შემოსავლების (GGR /Gross Gaming Revenue/) მაჩვენებელმა კი შესაბამისად შეადგინა: 2020 წელს – 1.4 მლრდ ლარი, 2021 წელს – 2.2 მლრდ ლარი, 2022 წელს – 2.5 მლრდ ლარი.

აღასანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის სფეროში  შემოღებულმა რეგულაციებმა მოიცვა შემდეგი მიმართულებები [5]: 2022 წელს ცვლილებები განხორციელდა ორ ეტაპად (1 იანვრიდან და 1 მარტიდან), კერძოდ, – შეიქმნა აკრძალულ პირთა სია და განისაზღვრა დამოკიდებულ პირთა სიის ფორმირების მექანიზმი; გაიზარდა მოთამაშეთა ასაკობრივი ზღვარი (25 წლამდე) საქართველოს მოქალაქეებისათვის; აიკრძალა აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამა, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. ცვლილებები შეეხო ასევე სათამაშო სექტორს საგადასახადო დაბეგვრის ნაწილში, კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობები ანუ ონლაინ თამაშები (მხოლოდ სამორინეები და სლოტ-კლუბები) გადავიდნენ ერთობლივი სათამაშო შემოსავლების (ე.წ. GGR) დაბეგვრის მექანიზმზე. ამასთან, წყაროსთან დაბეგვრას დაექვემდებარა ონლაინ თამაშებში მონაწილე პირის მიერ სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა.

რაც შეეხება 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულ რეგულაციებს, ისინი ძირითადად ფისკალური ხასიათისაა და შეეხო შემდეგ კომპონენტებს: 1. გაიზარდა მოგების გადასახადის განაკვეთი, ონლაინ თამაშების (გარდა ტოტალიზატორებისა) ორგანიზატორებზე, ერთობლივი სათამაშო შემოსავლების 10%-დან 15%-მდე; 2. გაიზარდა ონლაინ თამაშებში მონაწილე პირების მიერ გატანილი თანხის დაბეგვრის განაკვეთი 2%-დან 5%-მდე; 3. შეიცვალა სტანდარტული („Land-based“) სლოტ-კლუბების დაბეგვრის მექანიზმიც, სახელდობრ: ა) „ესტონური“ მოდელის ნაცვლად ისინი დაიბეგრებიან ერთობლივ სათამაშო შემოსავლებზე 15%-იანი განაკვეთით; ბ) ასევე, წყაროსთან დააკავებენ მოთამაშეთა მოგების შემთხვევაში გატანილ თანხას 5%-იანი განაკვეთით.

ავტორის ბიოგრაფია

ბესიკ ბოლქვაძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკის დოქტორი ასოცირებული პროფესორი

წყაროები

ბოლქვაძე ბ. სათამაშო ბიზნესი და ეკონომიკა: გლობალური გამოცდილება და საქართველო. თბ., „საარი“, 2021;

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური – https://www.geostat.ge/;

სახელმწიფო ხაზინა – https://treasury.ge/;

შემოსავლების სამსახური – https://rs.ge/;

საქართველოს საკანონმდებლო მაცნე – https://www.matsne.gov.ge/;

აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – http://adjara.gov.ge/branches/default.aspx?gid=5;

ქ. ბათუმის მერია – https://batumi.gov.ge/;

აჭარის სამორინეთა ასოციაციიდან გამოთხოვილი მონაცემები.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

25.07.2024

როგორ უნდა ციტირება

ბოლქვაძე B. . (2024). სამორინე ინდუსტრიის აჭარის რეგიონის ეკონომიკაზე ზეგავლენის ანალიზი . ბიზნესი და კანონმდებლობა, (1), 36–40. https://doi.org/10.52340/bal/2024.01.05